2009 წელს ბაზარზე ორი ახალი ქულერი გამოჩნდა - Prolimatech Megahalems-ი და Thermolab Baram-ი. მათ შორის, პირველს, ამაყად და მოურიდებლად, მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია, მისი სარეკლამო კამპანია TRUE Killer სლოგანით მიმდინარეობდა. რაც შეეხება Thermolab Baram-ს, მას პირდაპირ არ განუცხადებია პრეტენზია მეფობაზე, თუმცა, ინოვაციური დიზაინის ხარჯზე ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტულს იჩემებდა. ამას ემატებოდა რამდენიმე საკამათო ტესტირება, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ზოგიერთ ტესტში TRUE სჯობნიდა Baram-ს, ზოგიერთში კი - პირიქით. უცხოურ ფორუმებზე საუბრობდნენ, რომ, როგორც იქნა, Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება შესაძლებელი გახდა.
სწორედ ამ მდგომარეობის გამო, გადავწყვიტეთ სამივე ქულერის სრულყოფილი ტესტირება ჩაგვეტარებინა და ამ მიზნით, სამივე მათგანი საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ (სამწუხაროდ, დაგეგმილი წყლის გაგრილების ტესტი ვერ ჩავატარეთ, წყლის სისტემასთან არსებული პრობელემების გამო. თუმცა, მის ტესტს მოგვიანებით აუცილებლად შემოგთავაზებთ). როდესაც გზავნილი მივიღე, პირველად Thermolab Baram-ი გავხსენი. პირველი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: „ნუთუ ამას შეუძლია Ultra-120 eXtreme-ის დამარცხება?!“ (TRUE-ს მფლობელი თითქმის 1 წლის განმავლობაში გახლდით, ამიტომ მის დიზაინს კარგად ვიცნობდი). არა, Baram-ი მშვენიერი ქულერია, მაგრამ ერთი შეხედვით, მისთვის ჰაერის გაგრილების მეფის ტიტულის მინიჭება თავხედობად ჩავთვალე. ჯერი Megahalems-ზე მიდგა. როდესაც Prolimatech-ის ერთადერთი ქმნილება ყუთიდან ამოვიღე, მივხვდი, რომ ხელში მეფის რეალური კონკურენტი მეჭირა. მასიური ფარფლები (TRUE-ს მსგავსად), 6 სითბური მილაკი, დიდი, მასიური დიზაინი... ეს ყველაფერი Megahalems-ს აშკარად აძლევდა გამარჯვების შანსს.
გაამართლებს Megahalems-ი მოლოდინს? მოახერხებს ერთხელ და სამუდამოდ მეფის ტახტიდან ჩამოგდებას? ძალიან საინტერესოა Thermolab Baram-იც, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მეტოქეების მსგავსად მასიური დიზაინი არ აქვს, აქვს რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც იგი საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას გეგმავს.
გადავიდეთ თითოეული ქულერის დახასიათებაზე.
Thermalright Ultra-120 eXtreme
Thermalright-ი საკმაოდ ცნობილი კომპანიაა ჰაერის გაგრილების სისტემებში. მისი წარმოებული ქულერების უმეტესობა თავის კლასში საუკეთესოდ ითვლება. ეს ეხება არა მხოლოდ პროცესორის ქულერებს, არამედ, ოპერატიული მეხსიერების, ვიდეო დაფის, დედა დაფის კვების წრედების, ჩიპსეტების გაგრილების სისტემებსაც. ბოლოს Thermalright-მა ვენტილატორების წარმოებაც დაიწყო FDB (TR-FDB სერია) და თხევადი მდგომარეობის (X-Silent სერია) საკისრებზე.
Thermalright-მა 2007 წლის 7 მარტს ბაზარზე Ultra-120-ის გაუმჯობესებული ვარიანტი, Ultra-120 eXtreme გამოუშვა. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის იყო, რომ TRUE-ს უფრო აგრესიული დიზაინის ხარჯზე 4-ის ნაცვლად 6 სითბური მილაკი ჰქონდა. Ultra-120 eXtreme-ის გამოშვებით Thermalright-ი ჰაერის გაგრილების ბაზარზე ლიდერად იქცა.
TRUE-ს ყუთის წინხედი
TRUE-ს დიდი პოპულარობის გამო, Thermalright-მა ჯერ TRUE Black 120 გამოუშვა, რომელიც შავად შეღებილი TRUE იყო, ახალი თერმოპასტით (Chill Factor) და დამატებითი აქსესუარებით. შემდეგ კი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა ბაზარზე 100%-ით სპილენძისგან დამზადებული TRUE Copper, რომლის წონაც 1900(!) გრამს შეადგენს. TRUE Copper-ს მოყვება აქსესუარების სრული პაკეტი და განახლებული თერმოპასტა - Chill Factor 2. TRUE Copper მიუხედავად იმისა, რომ თავისი დიდი სიმძიმის გამო, ცოტა არაპრაქტიკულია, Thermalright-ს ჰაერის გაგრილებაში ლიდერობას უნარჩუნებს.
TRUE-ს ყუთი უკნიდან
სტანდარტული Ultra-120 eXtreme-ი დღესდღეობით რამდენიმე კონფიგურაციაში გამოდის - სხვაობა მხოლოდ აქსესუარებშია. არსებობს TRUE-ს ვერსია, რომელსაც AMD-ს სამაგრები მოყვება, არსებობს ვერსია Intel-ის სამაგრებით, არსებობს ვერსია, რომელსაც მოყვება TR-FDB სერიის ვენტილატორი და ა.შ.
TRUE-ს აქსესუარები
რაც შეეხება ჩვენს Ultra-120 eXtreme-ს, მასში 3 მეტალია გამოყენებული. ქულერის ძირი და სითბური მილაკები სპილენძისგანაა დამზადებული, ფარფლები კი ალუმინისაა. ქულერის მთელი ზედაპირი დაფარულია ნიკელის თხელი ფენით. Ultra-120 eXtreme-ის წონა 790 გრამს შეადგენს და თავსებადია შემდეგ სოკეტებთან: Intel-ის LGA 775, LGA 1366 და AMD-ს Socket 939, Socket AM2/AM2+ და AM3. ჩვენს სატესტო ვარიანტს კომპლექტში მოყვება სამაგრების სრული კომპლექტი LGA 775-ისთვის. რაც შეეხება სხვა სამაგრებს, მათი შეძენა ცალკე მოგიწევთ. ყუთში იპოვნით 2 ცალ მავთულის სამაგრს ვენტილატორისთვის (გამოიყენება როგორც 25, ასევე 38 მმ სისქის ვენტილატორების დასამაგრებლად), 2 ცალ ანტივიბრაციულ რეზინის სტიკერს ვენტილატორისთვის და Thermalright-ის წარმოების თერმოპასტას, Chill Factor-ს. + გვაქვს ინსტრუქცია ქულერის დასამონტაჟებლად, სარეკლამო ფურცელი ქულერის მახასიათებლების და განსაკუთრებული თვისებების აღსანიშნავად, მისაწებებელი სტიკერი კეისისთვის და LGA 775 სოკეტის სამაგრი.
TRUE-ს დიზაინი არც ისე რთულია: სპილენძის ძირიდან ამოსული სითბური მილაკები ფარფლებში O-სებური ფორმით არიან განლაგებული. თვითონ ფარფლების კუთხეები კი გაღუნულია - ცალ მხარეს დაბლა, მეორე მხარეს კი მაღლა. ეს მცირე "გაღუნვები" ჰაერის მეტ "მოდებას" უზრუნველყოფენ ქულერის ფარფლებზე და TRUE-ს საშუალებას აძლევენ, უფრო ეფექტურად გამოიყენოს მასში გატარებული ჰაერის ნაკადი. TRUE-ს ზომებია 63.44 x 132 x 160.5 მმ, წონა კი 790 გრამს შეადგენს.
Ultra-120 eXtreme-ის ინსტალაცია საკმაოდ მარტივია - დედა დაფის უკან დგება ბექპლეიტი, ხოლო ზედა მხრიდან გაშლადი სამაგრითა და ზამბარიანი ვინტებით ხდება ქულერის დამაგრება. ქულერი სამაგრზე ერთი წერტილით მაგრდება, შესაბამისად, ცოტა ძალდატანებით, შესაძლებელია მისი სხვადასხვა მხარეს მობრუნება. გარკვეულ შემთხვევებში TRUE-ს ეს თვისება შეიძლება იყოს როგორც კარგი (სქელი თერმოპასტის პროცესორზე უკეთ გასაშლელად, კეისში სივრცის პრობლემებისას), ასევე ცუდი (ტრიალისას თერმოპასტა შეიძლება ზედმეტად გაშალოთ და შემდგომში არასაკმარისი აღმოჩნდეს გარკვეულ ადგილებში). მონტაჟის სრული აღწერილობისთვის იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც ქულერს მოყვება.
TRUE-ს ძირის დამუშავების ხარისხი
Prolimatech Megahalems
Prolimatech-ი ახალი კომპანიაა, შეიძლება ითქვას, ძალიან ახალიც. იგი ჯერ ერთი წლისაც არაა. ამბობენ, Prolimatech-ი Thermalright-იდან წასული ინჟინრის დაარსებულიაო, თუმცა, რამდენად მართალია, ვერ გეტყვით. ტაივანური კომპანიის სახელში სიტყვა Prolima აკრონიმია „Professionalism exceeding beyond all Limits“-ისა. თვითონ ქულერის სახელი, Megahalems-ი კი, ადვილი მისახვედრია, Intel Nehalem-ის გამოყენებითაა მიღებული.
Megahalems-ს ბევრი აქვს საერთო თავის უმთავრეს კონკურენტ TRUE-სთან. ერთნაირი, სქელი ფარფლები, იდენტური ბექპლეიტები სოკეტების სამაგრებისთვის, ერთნაირი ფარფლების სამაგრები, 6 სითბური მილაკი, ნიკელით დაფარული კონსტრუქცია, აბსოლუტურად იდენტური წონა... თუმცა, თუ მათ შორის არსებულ განსხვავებებს გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ საქმე ერთნაირ ქულერებთან ნამდვილად არ გვაქვს.
Megahalems-ის ყუთი
პირველი, რაც თვალში გვხვდება, ესაა Megahalems-ის ფარფლებისგან შემდგარი ორად გაყოფილი „კოშკი.“ მსგავსი დიზაინი აქამდე არცერთ მწარმოებელს არ გამოუყენებია. ფარფლების ორად გაყოფის უკან მარტივი იდეა იმალება - როგორც იცით, ვენტილატორის მოტორის უკან ე.წ. „მკვდარი ზონაა,“ სადაც ჰაერი პრაქტიკულად უძრავია. შესაბამისად, ქულერის ის ნაწილი, რომელიც ვენტილატორის მოტორის უკანაა განთავსებული, გაცილებით ნაკლებად გრილდება, ვიდრე ის ნაწილები, რომლებიც ფრთების უკან მდებარეობს. „კოშკის“ ორ ნაწილად გაყოფით შესაძლებელი გახდა „მკვდარი ზონის“ მოცულობის შემცირება და დაეცა ქულერის წინაღობა, შედეგად, მეტ ჰაერს აქვს საშუალება იმოძრაოს Megahalems-ის ფარფლებს შორის. წინაღობის შემცირების მიზნითაა განლაგებული სითბური მილაკებიც ერთმანეთის პარალელურად.
Megahalems-ის აქსესუარები
Megahalems-ის ძირის დამუშავება Ultra-120 eXtreme-ის მსგავსია. ქულერის ძირი ოდნავ ამობურცულია. Prolimatech-ის საიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება არსებობს - Megahalems-ის ძირს არ აქვს ჩატარებული ე.წ. Lapping-ი (მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტერმინი ქულერის ძირის გაპრიალებას აღნიშნავს) და არც მწარმოებელი გვირჩევს ამის გაკეთებას. ქულერის ძირი შექმნილია ისე, რომ ჰქონდეს მაქსიმალური კონტაქტი პროცესორის ზედაპირთან. „ლაპინგის“ შემდეგ, მწარმოებლის განმარტებით, Megahalems-ის ეფექტურობა დაეცემა. ამასთანავე, დავკარგავთ გარანტიასაც. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს რეალობაა. ლაპინგს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ იგი გაკეთდება როგორც ქულერის ძირზე, ასევე პროცესორის ზედაპირზეც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლაპინგის შემდეგ გარანტია პროცესორზეც იკარგება.
Megahalems-ის დამონტაჟება საკმაოდ იოლია - დედა დაფის უკან დგება შესაბამისი ბექპლეიტი. შემდეგ კი ვიწყებთ სამაგრის აწყობას. ჯერ ვაყენებთ 4 ორმხრიან ვინტს ბექპლეიტში, შემდეგ ორ პატარა საყრდენს და ვუჭერთ ზემოდან სამაგრებს. ამის შემდეგ დგება ქულერი და ხდება საბოლოო დამჭერი სამაგრის დაყენება, რომელიც ქულერის ძირთან ორი წერტილით მაგრდება. იმის გამო, რომ Megahalems-ის სამაგრი ორწერტილიანია, მისი ტრიალი TRUE-სგან განსხვავებით, შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ტესტირებული სამი ქულერიდან ყველაზე მყარი სამაგრი Megahalems-ს აქვს, იგი უზრუნველყოფს საუკეთესო წნევას პროცესორის ზედაპირზე.
No comments:
Post a Comment